წლების წინ ნაცმოძრაობისთვის ბევრი რამ მირჩევია ისეთი, რომელთა უგულებელყოფაც მათაც და ქვეყანასაც მომავალში წინ დახვდა: იქნებოდა ეს კრიტიკულ მედიასთან უხეში დაპირისპირება; საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სრული იგნორირება; ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის ერთ ქვაბში მოხარშვა და მტრად გამოცხადება; ოპოზიციისთვის სასიცოცხლო სივრცისა და საპარლამენტო ბერკეტების მოსპობა;სასამართლოს სრულად დამორჩილება.
და როდესაც ვამბობდი, სულ ხელისუფლებაში ვერ იქნებით, ოპოზიციაში კი ყველაზე მეტად თქვენვე დაგჭირდებათ დამოუკიდებელი სასამართლოც და პარლამენტში ინტერესების დაცვაც მეთქი, მაშინ ყური არავინ მათხოვა.
არადა, ეს რჩევები რომ გაეთვალიწინებინათ, ნაცმოძრაობაც ნაკლებად იზარალებდა, ქვეყანაც და საერთოდ დღეს შესაძლოა სულ სხვა პოლიტიკური სურათი გვქონოდა.
გულწრფელად გეტყვით, არც მაშინ მამოძრავებდა რომელიმე კონკრეტული პარტიის მომავალზე ზრუნვა და გულშემატკივრობა და არც ახლა. ჩემივე საკუთარი, არცთუ ისე შორეული წარსულის გამოცდილება მალაპარაკებს და ზუსტად ვიცი, როგორც ადრე, მისი გაუთვალისწინებლობა ისევ მმართველ პარტიას და რაც მთავარია, ქვეყანას დააზიანებს.
ამჯერად მინდა, ქართული ოცნების მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს მივმართო.
თუ გინდათ რომ ქვეყნას, თქვენს რჩეულ პარტიას და საკუთარ თავსაც რაიმე სარგებელი მოუტანოთ, ამისთვის ორი რამ უნდა მოხდეს: ერთი კაცი ციხიდან გამოვიდეს და ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგეს, მეორე კი პრემიერ-მინისტრობიდან წავიდეს.
ამ ორივე შედეგის მიღწევას თქვენი მხრიდან მხოლოდ ერთი ნაბიჯი, არჩევნებზე წაუსვლელობა, მოიყვანს მოქმედებაში.
ოცნების ლიდრებისგან ყოველდღიურად გვესმის, რომ ნაცმოძრაობა მთავრდება. თუმცა, საარჩევნო ლოზუნგი და ბაქიბუქი ერთია, რეალობა კი სრულიად საწინააღმდეგო. და ანალიზის უნარის მქონეთ არ გაგიჭირდებათ დაასკვნათ, რომ რაც უფრო დიდხანს დარჩება სააკაშვილი საპატიმროში, მით უფრო გაიზრდება მისი წილი პოლიტიკაშიც და მომავალ ხელისუფლებაშიც, სხვა დამაბალანსებელი პოლიტიკური ძალების წონა კი საგრძნობლად მოიკლებს.
ბევრად მაღალი იქნება პროცესის რევლუციური სცენარით განვითარების ალბათობაც, რაც ოცნების, როგორც პოლიტიკური ძალის გადარჩენის შანსებს მკვეთრად შეამცირებს. ამ სურათის დანახვას დიდი "ექსპერტობა" ნამდვილად არ სჭირდება. საკმარისია არჩევნების შედეგებს გადავხედოთ, ნათელი გახდება რომ წინასაარჩევნოდ ღარიბაშვილის არჩეული რადიკალური ხაზის შედეგი ნაცომოძრაობის გაუმჯობესებული რეიტინგია, რაც, ამ კურსის გაგრძელების შემთვევაში, კიდვ უფრო გაიზრდება.
რეალურადაც, თუ ვინმე პოლიტიკურად აცოცხლებს და აძლიერებს სააკაშვილს, ეს ღარიბაშვილი-კობახიძის ტანდემია, რომელთაც კალაძეც აჰყვა. ისე, აჰყვა თუ ჩაჰყვა ეს კიდევ საკითხავია, თუმცა დღეს დედაქალაქის მერი მათგან უკვე აღარაფრით განსხვავდება. და როდესაც მთელი ოპოზიცია სააკაშვილთან ერთად შერიგებაზე, ისტორიის ახალი ფურცლის გადაშლაზე, თბილისისა და სხვა ქალაქების კოალიციურ მმართველობასა და განვითარების თუ მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებელ კონკრეტულ გეგმებზე საუბრობს, კალაძე ღარიბაშვილსა და კობახიძეს სიძულვილის ენაში ეჯიბრება.
არადა, ეს ის კალაძეა, რომელიც 2008 წელს, პოლიტიკური კრიზისის დროს, თავგამოდებით იცავდა სააკაშვილს, რომელსაც იმ ნაბიჯების დიდი უმრავლეოსბა უკვე გადადგმული ჰქონდა, რის გამოც ის ოცნებამ ხალხის უმრავლესობის დაკვეთით ხელისუფლებიდან გაუშვა.
ოცნების კეთილისმსურველებს კი ისევ გავიმეორებ: თუ გინდათ, რომ ნაცმოძრაობა მეტად არ გაძლიერდეს, პოლიტიკურ მოედანზე კი სააკაშვილის წონა ისე არ გაიზარდოს, რომ მისი დაბალანსება ვეღარ მოხერხდეს, ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეობას მოქალაქეთა კავშირის ბედი არ ეწიოს, ამისათვის საჭიროა ერთმა კაცმა საპატიმრო დატოვოს და თავი ევროსასამართლოს წინაშე იმართლოს, მეორე კი პრემიერ მინისტრის თანამდებობას დაემშვიდობოს. ამისთვის კი იმოქმედეთ პატრიოტიზმის, მათ შორის ოცნებისადმი სუბიექტური პატრიოტიზმის და რაციონალიზმის მიხედვით - და გააკეთეთ მარტივი რამ - არაფერი გააკეთოთ - ანუ მეორე ტურზე არ მიხვიდეთ.